დაბრუნება მთავარ გვერდზე

 

ნაზი თრთოლა და გზნება – გულისგამგმირავი სევდისა და ენამწარე მახვილგონიერების თანხლებით – აი, რით არის გაჯერებული “ლოლიტა”, ნაბოკოვის ყველაზე გახმაურებული რომანი. იგი მოგვითხრობს მოწიფული ჰუმბერტ ჰუმბერტის შეპყრობილი, ზღვარგადასული და საბედისწერო სიყვარულის შესახებ ნიმფეტი დოლორეს ჰეიზის მიმართ. გარდა ამისა, “ლოლიტა” არის ამბავი ჰიპერცივილიზებული ევროპელის შეჯახებაზე ომისშემდგომი ამერიკის ჭკუამხიარულ ფარისევლობასთან. ყველაზე მეტად კი ეს რომანი არის მედიტაცია სიყვარულის თემაზე, სიყვარულისა, რომელშიც ჭარბობს ზღვარგადასული ვნება, ჰალუცინაცია და სახიობა.

თავისუფალ ქვეყანაში არც ერთი ნამდვილი მწერალი, რა თქმა უნდა, არ უნდა ზრუნავდეს სამანის გავლებაზე იქ, სადაც მთავრდება გრძნობა და იწყება მგრძნობელობა. ჭეშმარიტად კომიკური დავალებაა! მე შემიძლია აღტაცება გამოვთქვა, მაგრამ არ შემიძლია მივბაძო ფოტოგრაფთა თვალის სიზუსტეს, რომელნიც იმგვარად უღებენ სანდომიან ნორჩ ძუძუმწოვრებს საჟურნალე სურათებს, რომ მათი დეკოლტეს საზღვარი საკმარისად დაბლაა, რათა ფილისტერმა კბილები გადმოყაროს და საკმარისად მაღლაა, რომ ფოსტმაისტერმა კოპები არ შეკრას. ვფიქრობ, არსებობს მკითხველი, რომელსაც აღაგზნებს ღობეებისთვის დამახასიათებელი სიტყვების უბრალოდ დანახვაც კი იმ უზარმაზარ, უიმედოდ უხამს რომანთაგან რომელიმეში, საბეჭდ მანქანაზე ყოვლად უნიჭო ყოჩაღი ბიჭის ბლაგვი საჩვენებელი თითის კაკუნით რომ იშობა და რომელთაც რეგვენი რეცენზენტი ოჩოფეხება ქება-დიდებით მიესალმება. ვიცი, მოიძებნებიან ნათელი პიროვნებებიც, რომლებიც “ლოლიტას” უშინაარსო წიგნად მიიჩნევენ, იმის მომიზეზებით, რომ იგი არაფერს გვასწავლის. მე არც ვკითხულობ და არც ვქმნი დიდაქტიკურ ბელეტრისტიკას, და რასაც არ უნდა ჩმახავდეს ძვირფასი ჯონ რეი, “ლოლიტა” სულაც არ არის ბუქსირი, რომელიც მორალის ოჩხომელს ეზიდება. ჩემთვის მოთხრობა ან რომანი არსებობს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც იგი მანიჭებს იმას, რასაც უბრალოდ ვუწოდებ ესთეტიკურ ტკბობას, ხოლო, უკანასკნელი, თავის მხრივ, მე მესმის როგორც განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელშიც თავს გრძნობ – როგორღაც, სადღაც, რაღაცით – ყოფიერების სხვა ფორმებთან კავშირში, სადაც ხელოვნება (ე.ი. ცნობისმოყვარეობა, სინაზე, სიკეთე, სიმწყობრე, აღფრთოვანება) არის ნორმა. ყოველივე დანარჩენი ან ჟურნალისტური აბდაუბდაა, ან, ასე ვთქვათ, დიდი იდეების ლიტერატურა, რომელიც, თუმცაღა, ხშირად არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი აბდაუბდისგან, მაგრამ ამის მიუხედავად მას წარმოგვიდგენენ თაბაშირის უზარმაზარი კუბების სახით, რომლებიც უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით გადააქვთ საუკუნიდან საუკუნეში, სანამ არ გამოჩნდება ვინმე მამაცი, ჩაქუჩით ხელში, და ერთს კარგად არ დასცხებს ბალზაკს, გორკის, თომანს მანს.

ვლადიმირ ნაბოკოვი

ნაბოკოვი წერს პროზას ერთადერთი წესით, რომლითაც იგი შეიძლება იწერებოდეს... ანუ გზნებით”.

                                                                                    ჯონ აპდაიკი

   სად შევიძინოთ